ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე, დანიელთა უიღბლობა
12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე, 17:00 საათზე დაიწყო, „A” ჯგიფის მატჩით. ერთმანეთს უელსი და შვეიცარია დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში ემბოლოს გოლით შვეიცარიამ გახსნა 49-ე წუთზე, 74-ე წუთზე კი მურმა გაათანაბრა. ორივე გოლი სტანდარტულიდან გავიდა თავური დარტყმით.
მთავარი ამბები კი, „B” ჯგუფის პირველ შეხვედრაში, დანია-ფინეთის დაპირისპირებისას მოხდა, რომელიც 20:00 საათზე დაიწყო.
დანიელები დიდ ტეტრიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ვერაფრით გაჰქონდათ, პირველი ნახევრის ბოლოს კი ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. დანიელთა ლიდერი კრისტიან ერიქსენი, მოედანზე უგონოდ დაეცა. დანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მყისიერად იმოქმედეს და მოედანზე დაცემულ ერიქსენს წრე შემოარტყეს, რომ ეს მძიმე სანახაობა მაყურებელს არ ენახა. საბოლოოდ დანიელთა ათიანი საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მატჩი კი გაურკვეველი დროით შეჩერდა, ორგანიზატორებმა დრო ითხოვეს გადაწყვეტილების მისაღებად. მალევე გამოჩნდა კადრი, სადაც ჩანს, რომ ერიქსენი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული და გონზეა მოსული.
მოგვიანებით ოფიციალურად გაირკვა, რომ საბედნიეროდ კრისტიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამის შემდეგ კი დანიის და ფინეთის ნაკრების ფეხბურთელთა ერთობლივი თხოვნით, შეხვედრის გაგრძელებაზე გაიცა განკარგულება. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, საავადმყოფოდან თავად ერიქსენმა დაურეკა თანაგუნდელებს და შეხვედრის გაგრძელება თხოვა.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა და დანიელთა კოლოსალური უპირატესობით განახლდა შეხვედრა, თუმცა მე-60 წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ურონენის ჩაწოდება, ფინელთა ფორვარდმა, პოიანპალომ თავური დარტყმით გადაგზავნა კასპერ შმეიხელის კარში.
დარჩენილ ნახევარ საათში დანიამ კიდევ უფრო მოუმატა და ფაქტიურად ცალკარა გახდა, თუმცა გოლის გატანა ვერაფრით შეძლეს, მეტიც, 74-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც დაიდო ფინელთა კარში, რომელიც ჰოჯბერგმა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ფინეთმა 1-0 მოიგო.
ეს დღე ყველა მიმართულებით „კოშმარულ დღედ“ ჩაიწერება დანიისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ინტერის მოთამაშე მომავალშიც შეძლებს ფეხბურთის თამაშს.
დღის ბოლო, „B” ჯგუფის მეორე შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყო, ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებს შორის. მატჩი სანქტ პეტერბურგში გაიმართა და მიუხედავად ამისა ბელგიას არ გასჭირვებია მასპინძელთა დამარცხება.
პირველ ტაიმის მე-10 წუთზე, რომელუ ლუკაკუმ გახსნა და გოლი სწორედ დანიელთა ათიანს და ინტერში მის თანაგუნდელს მიუძღვნა შეძახილით „მე შენ მიყვარხარ კრისტიან ერიქსენ“! 34-ე წუთზე მუნიემ გაუტანა რუსებს და ბელგიამ ტაიმი 2-0 მოიგო.
მეორე ნახევარში ბელგია ბურთის კონტროლზე გადავიდა და მწვავედ აღარ უტევდა. მატჩის 88-ე წუთზე, ლუკაკუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ბელგიამ 3-0 გაანადგურა რუსეთის ნაკრები.