ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს გაციების სიმპტომები აქვს, უმცა PCR ტესტით კორონავირუსი არ დადასტურებია, ექიმები როგორ ინფიცირებულს, ისე უნდა მოექცნენ. ცერცვაძე ამბობს, რომ სწარფი ტესტი ხშირად, დაავადების პირველ დღეს "ომიკრონს" ვერ აფიქსირებს, თუმცა, სიმპტომების შემთხვევაში, პირმა შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
"სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ "პისიარ" ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს.
ექიმებს მივმართავ, რომ თუ პაციენტს აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტესტი, მათ შორის "პისიარიც" არის უარყოფითი, ასეთ პაციენტს უნდა მოვექცეთ როგორც კოვიდიანს და გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ როგორც კოვიდიანი, რამეთუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ის არ დამძიმდება და ლეტალური შედეგით არ დასრულდება. ხოლო თუ მცირე შემთხვევაში მოხდება შეცდომა, ანუ პაციენტს არ ექნება კოვიდი, მაგრამ უმკურნალებენ როგორც კოვიდიანს, ამით არაფერი დაშავდება" – თქვა მან.
ფოტო: იმედი