თენგიზ ცერცვაძე ეპიდსიტუაციას აფასებს. მისი თქმით, არცერთი კოვიდ ავადმყოფი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, არ დარჩენილა კლინიკის გარეთ. მისივე თქმით, ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით.
„ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ, როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის.
მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად. იყავით მშვიდად. ითანამშრომლეთ ექიმებთან. ატარეთ პირბადე. აიცერით! აიცერით! აიცერით! რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მთავარი ფოტო: pia.ge