კრისტიან დანიელსონისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. ევროპელი მედიატორი შეხვედრას ენმ-სა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან მართავდა.
აკაკი მინაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც და საბოლოო სურათი სავარაუდოდ სწორედ ხვალ გამოიკვეთება.
როგორც ენმ-ს წევრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრის ძირითადი საკითხი პოლიტიკური პატიმრები და მათი გათავისუფლების აუცილებლობა იყო.
„საკითხები წამოვჭერით, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების. კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიციის გაცნობა იყო. ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში რადიკალურ პოზიციებს აფიქსირებს, რაც შეთანხმების პროცესს აფერხებს” - ამბობს აკაკი მინაშვილი.
ხათუნა სამნიძე კი აცხადებს რომ, პირველ რიგში, კომპრომისების მზაობა სწორედ ქართულმა ოცნებამ უნდა გამოავლინოს, რადგან ხელისუფლებაში ისაა და პასუხისგებლობაც მას მეტი აქვს.
„მზად უნდა ვიყოთ ორივე მხარე კომპრომისებისთვის და სივრცე კომპრომისებისთვის გაჩნდება მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან“ - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს და 19:30-ზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდება.
მთავარი ფოტო: unm.ge