დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ამის შესახებ ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
,,ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში. ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას – მტერსაც და მოყვარესაც, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას. ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას. ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას. დღეიდან ახალი ენერგიით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, რომელსაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში“ _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტიის შიდა არჩევნებში ხაბეიშვილმა ხმების 53.58% (21 656 ხმა) მიიღო. ენმ-ის არჩევნებში სულ 45 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არცევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა მათგანმა მიიღო.