ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკავშირდება. ამის შესახებ ენმ-ის ახალმა ტავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა გაერთიანება და საერთო მიზნებისთვის ბრძოლაა.
,,პირველი გადაწყვეტილებები დაკაშირებული იქნება სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა, შეგპირდე, იქამდე არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი დამარცხება არის შეუძლებელი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში. ჩვენ ვართ მათ გვერდით. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ მხარდამჭერებს, გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ საერთო მტერთან ბრძოლაში.
ბიძინას და მის მარიონეტებს მინდა, ვუთხრა, მათ თავზე ნამდვილად მოიყარა შავმა ღრუბელმა თავი და ქართველი ხალხი ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს. ეს გამარჯვება ეკუთვნის სამშობლოდან დროებით გადახვეწილ ჩვენს ემიგრანტებს, მათი მონაწილეობა ამ არჩევნებში არის უდიდესი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ დაბრუნდეთ. ეს გამარჯვება ეკუთვნის თელავში ბატონ დავითს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აჭარაში ბატონ შაქროს, რომელსაც აქვს სოციალური დახმარების პრობლემა, რომელსაც ეს დახმარება მოუხსნეს. ეს გამარჯვება ეკუთვნის ლაშას ზესტაფონში, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფომ მიატოვა და ებრძვის უსამართლობას. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა ახალგაზრდას, რომელთა უდიდეს ნაწილს არ აქვს საშუალება, გადაიხადოს სწავლის გადასახადი“ _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.