,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოში ინიციატივით შედის, რომ მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი ეწოდოს. როგორც ფრაქციაში აცხადებენ, თბილისში 2008 წლის ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა არ უნდა არსებობდეს მაშინ, როცა სხვა ქუჩებს ამავე ომში დაღუპულ გმირთა სახელები ქვია.
,,პუტინი კვლავ განაგრძობს აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას მშვიდობიანი ერების მიმართ!
რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის დროს.
გამოიყენა არათანაბარი და არაპროპორციული სამხედრო ძალა, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იარაღი და შემდეგ მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
დღეს იგივე სცენარს ავითარებს ოკუპირებულ უკრაინაში!
ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს, ასევე საერთაშორისო კონვენციების უხეშ დარღვევას, ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებით.
ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები უკრაინის განუყოფელი ნაწილია.
სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენი საერთო მტრის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ _ აღნიშნულია ენმ-ის განცხადებაში.