ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი, ჟურნალისტებთან, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება და მათ, ვინც მას არ იცნობს, გაცნობასა და შეფასებების შემდგომ გაკეთებას სთავაზობს.
„რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, რომ ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერენ, ვიტყოდი, რომ ალბათ, კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და მხოლოდ ამ გაცნობის შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებების შინაარსი გვაძლევს იმ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ ზუსტად ჩემი, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის მაღალი რეპუტაცია და ჩამოყალიბებული კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორობა გახდა იმ შეფასებების საფუძველი, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეპუტაციის მიზანმიმართულ დაზიანებას. ჩემი მიზანია, რომ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იყოს მრავალპარტიული ხმებით და წარმომადგენლობით. თუმცა, იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ჩემი ამოცანა და მიზანი მაინც რჩება ის, რომ მე მოვდივარ საქმის საკეთებლად, იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება და კვალიფიკაცია მოვახმარო საარჩევნო გარემოს და რაც მთავარია, ქვეყნის განვითარებას, თუ მე რა თქმა უნდა, მექნება შესაბამისი მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოში. მთავარი გასაღები რეპუტაციული რისკების დაზღვევასთან მიმართებაში, რაც გახლავთ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი, არის მეტი კომუნიკაცია, ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ღიაობა“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მთავარი ფოტო: pia.ge