ცესკო საარჩევნო კომისიებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. ცესკოს წევრის, ივანე ნორაკიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე იმ უბნებზე, სადაც ვიდეო ფიქსაცია არ განხორციელდა, ცესკოს გადაწყვეტილებით ყველა ოლქში უნდა გამოვლინდეს მინიმუმ ორი უბანი, სადაც ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოხდება. როგორც ,,მოქალაქეების“ წარმომადგენელი აზუსტებს, აღნიშნული პროცედურების განხორციელება საოლქო საარჩევნო კომისიებს ხვალვე მოუწევთ.
,,მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველმა ტურმა საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად აჩვენა, თუ რამდენად შეუწყო ხელი პროცესის მეტ სანდოობასა და გამჭვირვალობას როგორც ხმის გადათვლის პროცედურებმა, ასევე ხმის დათვლის პროცედურების ვიდეო ფიქსაციამ. სწორედ ამიტომ ვიდეო ფიქსაცია განხორციელდა არჩევნების მეორე ტურზეც, კერძოდ ვიდეო ფიქსაცია განხორციელდა 1457 უბანზე და პირველი ტურის მსგავსად აქაც ნაცვლად განსაზღვრული 5 დღისა, ამ ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება მოხდა უკვე დღეს, არჩევნებიდან მეორე დღეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოს შესაბამის თანამშრომლებს, რომლებმაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობით მოახერხეს გაცილებით ადრე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული დადგენილებით.
მეორე ტურში ვიდეო გადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე, სწორედ ამიტომ ცესკოს თავჯდომარესთან შეთანხმებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ხმის დათვლის ვიდეო გადაღება არ განხორციელდა ორზე მეტ უბანზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლოტოტრონის მეშვეობით საოლქო კომისიების მიერ გამოვლენილი იქნეს მინიმუმ ორი უბანი, რომლის ხელახლა გადათვლა მოხდება პროცესის მეტი სანდოობისა და გამჭვირვალობისთვის, ხოლო იმ ოლქებში, სადაც ასეთი უბნების რაოდენობა ორი ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადაითვალოს ყველა უბანი. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხვალვე უზრუნველყონ წილისყრისა და გადათვლის პროცედურების განხორციელება მითითების შესაბამისად“ _ განაცხადა ივანე ნორაკიძემ.