„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის საფუძველზე, ცესკო-მ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
საია-ში განმარტავენ, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა, რაზეც საია-მ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა.
„2021 წლის 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საია-მ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საია-ს საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს“ - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
მთავარი ფოტო: 1tv.ge