პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დმანისში მიმდინარე კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება დასასრულებულია და ინციდენტი უკვე ამოიწურა.
თალაკვაძის თქმით, ოპონენტების ნაწილს სურდათ, რომ სიტუაცია ადგილზე კიდევ უფრო დაძაბულიყო, თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, ამის მიუხედავად, "მშვიდობიანად დასრულდა ყველფაფერი".
"რეალურად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა დმანისში საგამოძიებო მოქმედებები. რაც მთავარია, ყველა ხელმძღვანელი მოეკიდა ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით, ინციდენტი არის ამოწურული. მესმის, რომ გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტების, სურდა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულიყო. როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაღაც დაძაბულობა მოხდება და საკუთარი ქვეყნისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯებს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, ხედავთ, რომ დარჩა პოლიტიკურ ოფსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან წარსულზე, მაშინ როცა ჩვენ მოქალაქეებს ვესაუბრებით მომავალზე", - აცხადებს თალაკვაძე.
ფოტო: ინტერპრესნიუსი