,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია აცდენილია რეალობას და მასში დამახინჯებული ფაქტებია მოყვანილი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რეზოლუციას 200-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, მეტ6ყველებს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანადაა ის შედგენილი.
,,ევროპარლამენტის რეზოლუციას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები. ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექსტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი“ _ განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 308 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 218 იყო. რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო წლებში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა გამო და მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. ასევე მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე დაუბრკოლებრივი წვდომა, ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და უფლებამოსილება.