,,ბიძინა ივანიშვილზე ხდება უსაფუძვლო თავდასხმა და კრიტიკა“ _ არჩილ თალაკვაძე
დემოკრატიული ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია სანქცირებული იყოს. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც იგი აღნიშნავს, პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე პოლიტიკური შეტევა ალოგიკურია.
ორასამდე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. ასევე, მოხდა უპრეცედენტო რამ - იმ ადამიანმაც, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი და ვინც რეზოლუცია დააინიცირა ევროპარლამენტში, თვითონ იმ ადამიანმაც არ დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ადასტურებს ერთადერთს, რომ არის უსაფუძვლო ზეწოლა, მცდელობები, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება და დაბლოკვა. კენჭისყრის შედეგებით უკვე ცხადია, რომ ამას, პირველ რიგში, აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში.
სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებებს რაც შეეხება, ასეთი განცხადებები პირველად არ გვესმის. ხდება უსაფუძვლო თავდასხმა და კრიტიკა ბიძინა ივანიშვილზე. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, რომ სანქციებს მაშინ აქვს აზრი, თუ ის არის სამართლიანი. ის, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა, შეუძლებელია სიმართლე იყოს. ვინაიდან ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში მოხდა პოზიტიური ცვლილებები, ადამიანის უფლებები დაბრუნდა მთავრობის დღის წესრიგში, მედია გახდა თავისუფალი, ბიზნესი და საკუთრება გახდა დაცული, პარლამენტი გახდა პლურალისტური და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული ინსტიტუტები დაუბრუნდა თავის ფუნქციებს. ამიტომ ეს დემოკრატიული გარდაქმნები და ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია იყოს სანქცირებული. თან დღეს ეს ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მეორეს მხრივ, ალოგიკურია, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ხდება პოლიტიკური შეტევა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პროგრესსა და წინსვლას ვერ შეაჩერებს. „ქართული ოცნება" საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“ _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.