დმანისში გუშინ დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა და უფრო მასშტაბური ფორმა მიიღო. ვითარება ამ წუთებშიც დაძაბულია, ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ფიზიკურ კონფლიქტში მონაწილე პირები ხელკეტებითა და ქვებით არიან შეიარაღებულები. კონფლიქტი, სავარაუდოდ, ეთნიკური ნიშნით მიმდინარეობს და ერთმანეთს სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და აზერბაიჯანელები უპირისპირდებიან.
აღნიშნულის შესახებ, დმანისის მერი აცხადებს, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამიტომ, მისი ეთნიკურ ან რელიგიურ ჭრილში განხილვა არასწორი იქნება, ხოლო, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მომხდარის შესახებ გარემოებების გამოკვეთა და საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მიმდინარეობს.
ფოტო: რადიო თავისუფლება