პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას არ სჯერა, რომ დმანისში ფიზიკური დაპირისპირება მაღაზიის ნისიის გამო დაიწყო.
ხვიჩიას თქმით, აუცილებელია, რომ კონფლიქტის საწყისი მიზეზი იყოს დადგენილი, დაპისირპირების მოგვარება კი ადამიანების დაჭერით არ მოხერხდება, პირიქით, აღნიშნული მას უფრო გაამწვავებს.
"ვფიქრობ, რომ პრობლემა მოსაგვარებელია სხვანაირად. ეს თემა არ გვარდება იმით, რომ ჩხუბის მონაწილე 100 ადამიანი დაიჭირო უბრალოდ და წაიყვანო ციხეში. ამით შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს კონფლიქტი. სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამას. გავიგოთ ამ კონფლიქტის ანატომია, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი. ამ წუთას ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ ნახეთ ვიღაც ცუდად იქცევა და დავიჭიროთ. მე არ მგონია, რომ ასე პრიმიტიულად იყოს საქმე, როდესაც ამდენი ხალხი ჩხუბობს", - აცხადებს ხვიჩია.
ცნობისთვის, დმანისში დაპირისპირება ორი დღის წინ დაიწყო, გუშინ, კი მოვლენები იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანტ გომელაური ჩავიდა. გუშინ საღამოს კი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა შედგა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ფოტო: girchi