ელენე ხოშტარია ასახელებს მოსამართლეებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ
ჩვენ შევარჩიეთ მოსამართლეები ძალიან ღრმა კვლევებზე დაყრდნობით, რაც გაკეთებული ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და მათზე ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს. ამის შესახებ ,,დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ის მოსამართლეები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, სასამართლო კლანის საყრდენს წარმოადგენენ და უნდა დასანქცირდნენ.
,,პრაქტიკულად ყოველ დღე ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სხვადასხვა დანიშნული პირის მეშვეობით გვესმის ღია ანტიდასავლური განცხადებები და ქმედებები. გარდა იმისა, რომ მათ მიიტაცეს სახელმწიფო, ისინი ცდილობენ მოგვტაცონ ყველაზე მთავარი, რაც აერთიანებს ყველას ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ევროპული პერსპექტივა.
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ საყრდენ სისტემაში, სასამართლო სისტემაში მყოფი ადამიანების სია, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა მოხვდნენ სანქციებში.
1. მიხეილ ჩინჩალაძე, წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის არის რეალური კლანის თავი, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.
2. ლევან მურუსიძე გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში, ის უკავშირდება გირგვლიანის საქმეს და და 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება მათ შორის არც პოლიტიკურ კამპანიებში პოლიტიკური განცხადებების და თავის მიკერძოებულობის ჩვენებას. ის არის კლანური სასამართლოს ლიდერი და უნდა იყოს სანქცირებული.
3. შალვა თადუმაძე, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს იმისთვის, რომ საქმეები შეეკერა, შემდეგ კი დანიშნეს უზენაეს სასამართლოში.
4. გიორგი მიქაუტაძე, უზენაესის მოსამართლე. ის იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივანი, როდესაც კლანის საბოლოო დამყარება ხდებოდა. ის ღიად ასრულებდა ყველა პოლიტიკურ დავალებას.
5. ლაშა ჩხიკვაძე, მას 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც დაიღუპა ადამიანი. მას შემდეგ გაიხსნა საქმე და საქმე დღემდე არის მიმდინარე იმისთვის, რომ ის იყოს გამოჭერილი და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები.
6. ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები, ძმები, ოჯახური კლანური ბიზნესი, რომელთა ხელშიც ბევრ პოლიტიკურ საქმეს გაუვლია.
7. ირაკლი შენგელია, შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენი ჩინჩალაძის, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დის შვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში
8. სერგო მეთოფიშვილი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოსი, მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები“ _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.