პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კომიტეტი მომავალ კვირას იმსჯელებს. კენჭისყრაზე კი, აღნიშნული საკითხი 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში გავა.
დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია, ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.
რაც შეეხება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ბადრი ჯაფარიძეს და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, აქ განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.
მთავარი ფოტო: imedi.ge