„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უნდა იყოს ნათელი და მკაფიო. როგორც მან აღნიშნა, რეფორმების განხორციელების დროულად დაწყება იქნება მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის მიერ წარდგენილი განაცხადი განაცხადად არ დარჩეს.
,,ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა დასრულდება კრახით, რადგან ქვეყანას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციონირება, დგას ის ცივილიზებულ სამყაროსთან თავისი კონკრეტული პოზიციონირებით და ქმედებებით, თუ დგას რუსეთთან, რომელიც არის ბარბაროსული ომის ავტორი. იმისთვის, რომ ევროკავშირში წარდგენილ განაცხადს ზურგს უმაგრებდეს ქვეყანაში სწორი პოზიციონირება, არსებითია, რომ ხელისუფლებამ გაატაროს შიდა დემოკრატიული რეფორმები. სხვა შემთხვევაში, ეს განაცხადი დარჩება განაცხადად. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის რთული პროცესი და არ არის ერთდღიანი, მაგრამ რაც უფრო გვიან დაიწყებს ქვეყანა რეფორმების გატარებას, მით უფრო გვიან მივიღებთ შედეგს, ამიტომ იმისთვის, რომ გონივრულ დროში მივიღოთ შედეგი, დღეს მაინც უნდა დაიწყოს, სხვა შემთხვევაში ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაწელვა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ“ _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.