,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აქვეყნებს პრორუსული პარტიების ერთობლივ წერილს, რომლითაც მათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ დუმის წევრებთან შეხვედრის სურვილი აქვთ და აფიქსირებენ თავის პოზიციას, რომ საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს.
,,ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩვენგან ღრმა პატივისცემა და მადლიერება. გვსურს შეგატყობინოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიანობისა და მხარეთა ინტერესების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის აშენებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ფუნდამენტური მიდგომა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა იყოს.
დიდი მწუხარებით უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ რეგულარულად უთმობს თავის ტერიტორიას NATO-ს წვრთნებისთვის, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა..
გულისტკივილით გაცნობებთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ცრუ გამოკითხვებს აწარმოებენ და ხატავენ სურათს, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ხოლო ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ნათელი გახდა, რომ მოსახლეობის პოზიცია რადიკალურად შეცვლილია, 69.4% მხარს უჭერს სამხედრო ნეიტრალიტეტს, ხოლო მოსახლეობის 75.8% რუსეთთან დიალოგის მომხრეა“ _ აღნიშნულია განცხადებაში.
წერილის ხელმომწერი პარტიები არიან:
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
,,მემარცხენე ალიანსი“;
,,ქრისტიან-დემოკრატები“;
,,ქართული მარში“;
,,ეროვნული ერთიანობის პარტია“;
„საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“;
და სხვა პარტიები.
,,გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“ _ აცხადებს ირმა ინაშვილი.




