ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის ომის გამო დაწესებული დასავლეთის სანქციები დაგმო და განაცხადა, რომ ეს სანქციები მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. როგორც მან ,,აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთი დასავლეთის ეკონომიკურ ,,აგრესიას" ებრძვის. პუტინის თქმით, ევროპელების ცხოვრების ხარისხი სანქციებს ეწირება, ხოლო ღარიბი ქვეყნები საკვებზე წვდომას თანდათან კარგავენ.
,,დასავლეთი ცდილობს თავისი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებსაც თავს მოახვიოს. ბევრი კომპანია აპირებდა დაეტოვებინა რუსული ბაზარი, მაგრამ უცხოური ქვეყნების დიდი ნაწილი რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ახლა ჩვენ ვხედავთ, ერთმანეთის მიყოლებით როგორ იხურება საწარმოები და სამუშაო ადგილები ევროპაში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ... როგორც არ უნდა უნდოდეთ რუსეთის იზოლირება, ამის გაკეთება შეუძლებელია, საკმარისია რუკას შეხედოთ“ _ აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მიმართვისას მან ასევე თქვა, რომ დოლარის, ევროსა და ფუნტის მიმართ ნდობა იკარგება ხალხის თვალწინ. რუსეთი კი ომიდან გაძლიერებული სუვერენიტეტით გამოდის.