თუ სამშაბათის ციფრი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელების მიმანიშნებელი, მაშინ შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
,,სამშაბათი არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე. თუ სამშაბათის ციფრი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელების მიმანიშნებელი, მაშინ უკვე შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია. მომდევნო დღეების განმავლობაში იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია იქნება გაგრძელებული, შენარჩუნებული და ალბათ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში საქართველოში იქნება დასრულებული“ _ განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.