იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე განმარტავს, თუ რა სირთულეები ახასიათებს ,,ომიკრონის“ შტამს და რითი განსხვავდება ის ,,დელტა“ ვარიანტისგან.
მისივე თქმით, თუ ,,ომიკრონი“ დეკემბერში საქართველოში შემოვა, იანვრის ბოლოსთვის ის ,,დელტა“ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს.
,,ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ,,დელტა“ შტამის შემთხვევაში. თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში მსუბუქია. ,,ომიკრონს“ ძირითადად 3 დღიანი ავადობა ახასიათებს. ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქი ტკივილი. ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას.
თუ დავუშვებთ, რომ ,,ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდეს, იანვრის ბოლოსთვის ის უკვე მთლიანად ჩაანაცვლებს ,,დელტა“ ვარიანტს და გახდება დომინანტი. თუ ,,ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას“ _ განაცხადა ივანე ჩხაიძემ.