იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს „ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია. ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება და „ომიკრონის“ შტამი ძალიან მალე გახდება დომინანტური.
„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეეხება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა.
ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმპტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ორი რეკომენდაცია აქვს - ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება“ - აცხადებს ჩხაიძე.
მთავარი ფოტო: 1tv.ge