ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.
როგორც იგი ანიშნავს, შესაძლოა ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.
,,თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“ _ განაცხადა კულუმბეგოვმა.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 14 486 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.