პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ,,TV პირველის“ ჟურნალისტებს, თოქშოუს „პირველი ხაზი“ წამყვანებს, გიორგი ნიორაძესა და ვიკა ბუკიას მიმართავს და აცხადებს, რომ მათ შალვა ნათელაშვილს მასზე და ალეკო ელისაშვილზე ეთერში ბევრი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მისცეს. ამის შესახებ იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, უმჯობესი იყო ჟურნალისტებს მისთვის ეკითხათ, თუ რამდენად სწორად მიაჩნია ნათელაშვილს პარლამენტის წევრობისთვის 5 მილიონიანი დაფინანსება მაშინ, როდესაც პარლამენტში ფეხიც კი არ შეუდგამს.
,,George Nioradze Vika Bukia ვუყურე თქვენს გუშინდელ ეთერს, სადაც შალიკოს ჩემი და ალეკოს თავი ალანძღინეთ, ბევრი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მიეცით. თქვენი „ობიექტური“ დუმილის შემდეგ, მისთვის გულწრფელად გადახდილი მადლობა დამაკლდა მხოლოდ. არადა, მისთვის მხოლოდ ორი კითხვა უნდა დაგესვათ:
- ვინაიდან ჩვენ, მე და ალეკო სუსის დავალებით პარლამენტში შევედით და შემდგომ სავარაუდოდ სუსის დავალებით მთელი ოპოზიცია შემოგვყვა, უხერხულობას ხომ არ უქმნის ის ფაქტი, რომ თვითონაც იმავეს გაკეთებას აპირებს.
- რამდენად სწორად მიაჩნია, ხალხის მიერ გადახდილი თანხიდან პარლამენტის წევრობაში აღებული 5 მილიონი დაფინანსება და 176 015 ლარი ხელფასი. მაშინ როცა პარლამენტში ერთხელ ფეხი არ შეუდგამს და არაფერი გაუკეთებია.
მესმის რომ რთულად მოსაფიქრებელი კითხვებია, მაგრამ არც თქვენ ხართ დამწყები ჟურნალისტები.
წარმატებები "ობიექტურ" ჟურნალისტიკაში!“ _ წერს ლევან იოსელიანი.