ბევრი „კომპრომატი“ მომისმენია ჩემზე, მაგრამ ლექსად ნათქვამი პირველად. ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებას.
,,დღეს ისეთი სიმართლე ვთქვი შალვა ნათელაშვილზე, ნილოსის გაქრობა რომ არ დამაბრალა, მიკვირს.
ბევრი „კომპრომატი“ მომისმენია ჩემზე, მაგრამ ლექსად ნათქვამი პირველად.
ისე ბოდიში უნდა მოვუხადო უფროსკლასელებს. აწი, მგზავრის წერილებში თერგისა და მყინვარწვერის შედარებითი დახასიათების დაწერა მარტო მყინვარწვერზე მოუწევთ, რადგან თერგი მე გავაქრე.
p.s. სერიოზულად, საქმე იმაშია, რომ ჩემი ძმა რაღაც პერიოდი მუშაობდა კომპანიაში რომელმაც ყაზბეგში ჰესი ააშენა, ესაა მთელი ისტორია რამაც ბატონ ნათელაშვილს მუზა გაუხსნა“ _ წერს ლევან იოსელიანი საკუთარ Facebook გვერდზე.
ცნობისთვის, ლევან იოსელიანმა გუშინ განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებს, რადგან მას 2008 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი აქვს აღებული, თუმცა პარლამენტის შენობაში ფეხიც არ დაუდგამს.
აღნიშნულ განცხადებას შალვა ნათელაშვილი ,,TV პირველის" ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მდინარე თერგი აღარ მოედინება, რადგან ის ლევან იოსელიანმა ლარსი ჰესის გამო გააქრო.
,,ლარსი ჰესის გამო მაგან თერგი გააქრო, თერგი აღარ არი, იცით ხო? თერგი აღარ მოდის. აი, ეს ორბელიანის სიტყვები ,,თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!“ ეს ლექსად დარჩა, ვსიო, დამთავრდა“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.