ავღნათში უკიდურესად ღატაკმა ოჯახმა ჩვილი გოგონა $500-ად გაყიდა - ეს არის შედეგი იმისა, თუ რას უშვრება შიმშილი ადამიანებს. ჩვილის გაყიდვა ოჯახს უკიდურესმა გაჭირვებამ აიძულა. მშობლების ვინაობას BBC არ ასაჯაროებს.
,,ჩემი სხვა შვილები შიმშილისგან იხოცებოდნენ, ამიტომ ჩემი ქალიშვილის გაყიდვა მოგვიწია. როგორ შეიძლება თავს ცუდად არ ვგრძნობდე? ის ჩემი შვილია, ვისურვებდი, ის არ გამეყიდა“ _ ამბობს ჩვილის დედა, რომლის ქმარიც ყოველდღიურად ოჯახის გამოსაკვებად ნაგავში იქექება.
როგორც ჩვილის მამა ამბობს, ოჯახი, რომელმაც მათი შვილი იყიდა გოგონას მას შემდეგ წაიყვანს, როცა იგი სიარულს დაიწყებს. მას $500-დან ნახევარზე მეტი უკვე გადაუხადეს, რაც ოჯახს რამდენიმე თვე საარსებოდ ეყოფა.
საკუთარ გაჭირვებაზე ყვება 6 თვის უსმანის დედაც. მისი თქმით, ბავშვი იმის ნახევარსაც არ იწონის, რასაც უნდა იწონიდეს. ის და მისი ტყუპისცალი ერთსადაიმავე კლინიკაში არიან.
,,ტკივილი, რომელსაც ჩემი შვილი განიცდის, მეც განვიცდი. მხოლოდ ღმერთმა იცის, რას ვგრძნობ, როცა მას ვუყურებ. ჩემი ორი შვილი სიკვდილის პირასაა, რადგან ფული არ გვაქვს. მინდა, რომ მსოფლიო დაეხმაროს ავღანელებს, არ მინდა სხვა დედებმაც განიცადონ მსგავსი ტკივილი“ _ ამბობს ჩვილის დედა, რომლის სამი მცირეწლოვანი შვილი შიმშილის გამო საავადმყოფოშია.
საავადმყოფოში, სადაც უსმანი და მისი და-ძმა წვანან, ექიმებსა და ექთნებს ოთხი თვეა ხელფასი არ აუღიათ, კლინიკას საჭირო სამედიცინო მარაგის შესავსებად სახსრები არ გააჩნია.
ავღანეთში კიდევ უამრავი ბავშვია, რომელიც ოჯახმა გაჭირვების გამო გაყიდა. მილიონობით ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს, თუ ქვეყანას გადაუდებელი დახმარება დროულად არ მიეწოდება.
