საქართველომ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებად სასმელი წყალი გაგზავნა - შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
„როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი. შეგახსენებთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით“ - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მთავარი ფოტო: bpn.ge