ავღანეთში მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო სწავლება განახლდა, გავრცელდა ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რომ ქალი და კაცი სტუდენტები ოთახის სხვადასხვა მხარეს სხედან და მათ შორის ფარდაა ჩამოფარებული. ამ ფორმით სასწავლო პროცესის გაგრძელება თალიბანის გადაწყვეტილებაა. გოგო და ბიჭი სტუდენტებისთვის აუდიტორიაში სხვადასხვა მხრიდანაა შესასვლელი და ისინი სხვადასხვა კარიდან შედიან. გარდა ამისა, მათთვის სალოცავი სივრცეებიც ცალ-ცალკე მოაწყეს, ხოლო ქალ სტუდენტებსა და ლექტორებს ჰიჯაბის ტარება ევალებათ.

მას შემდეგ, რაც ავღანეთში თალიბანი დაბრუნდა, გაჩნდა შიში, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდებოდა. თუმცა, როგორც აგვისტოში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ამბობდა, ქალებს არ შეზღუდავდნენ და მათ არც განათლების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებოდათ. თუმცა, აღნიშნული ფოტოებიდან ნათლად ჩანს ის კვალი, რასაც ახალი სისტემა ტოვებს.
ავღანეთის მოსახლეობის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ ქვეყანაში ისევ ის ძველი რეჟიმი დაბრუნდება, როდესაც ქალები, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იყვნენ და მათ სწავლისა და მუშაობის უფლება არ ჰქონდათ. 1996 წლიდან 2001 წლამდე ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. თუმცა, როგორ თალიბანი აღნიშნავს, ქალთა უფლებები შარიათისა და ისლამური სახელმწიფოს კანონების მიხედვით იქნება დაცული.
ავღანეთში ქალებმა საკუთარი უფლებების დასაცავად აქციები გამართეს, ისინი სრულფასოვანი განათლებისა და დასაქმების უფლებას მოითხოვენ.
