ლიონელ მესი ბარსელონას ცრემლებით დაემშვიდობა
ლიონელ მესიმ ბარსელონადან წასვლის წინ პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
აქ მოსვლამდე ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეთქვა, აზრები დავალაგე მაგრამ მაინც არ ვიცი რა ვთქვა, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვარ, სისხლი გამეყინა, როცა ეს სიახლე გავიგე. მე და ჩემი ოჯახი ვფიქრობდით, რომ წელს აქ ვრჩებოდით, ყველაზე მეტად ეს მინდოდა, უეცრად კი ყველაფერი შეიცვალა და ახლა წასვლა მიწევს. ხელფასის განახევრებას დავთანხმდი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მე ამაზე მეტის გაკეთება არ შემეძლო (ესპანეთში არსებული ახალი რეგულაციებით, დამსაქმებელი, დასაქმებულს, 50% ზე მეტს ვერ დააკლებს). მე აქ 21 წლის წინ ჩამოვედი და ახლა მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ვტოვებ ბარსელონას, ისინი არგენტინელებთან ერთად კატალონიელებიც არიან, ბარსელონა ჩემი სახლია და მე აუცილებლად დავბრუნდები, ამის პირობა შვილებსაც მივეცი. ამ კლუბის მაისურით ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, არ მეგონა რომ დამშვიდობება ასეთი ფორმით მომიწევდა, მინდოდა ეს სავსე მოედანზე მომხდარიყო, კლუბს ისე ვტოვებ, რომ წელიწადნახევარზე მეტია „კამპ ნოუზე“ გულშემატკივრები არ მინახავს, მათი გამხნევება და ყვირილი ძალიან მაკლია. შარშან განსხვავებული სიტუაცია იყო, წელს კი დარჩენა ძალიან მსურდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა როგორც ლაპორტამ თქვა, ესპანეთის ლიგაში არსებული პრობლემების გამო, კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ ხერხდება. მინდოდა ბარსელონასთან ერთად, შეგვეძლო მინიმუმ კიდევ ერთი „ჩემპიონთა ლიგა“ მოგვეგო, თუმცა ეს ვეღარ გამოვა, ამ ოცნებას სხვა კლუბის მაისურით გავაგრძელებ, ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ, რადგან ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჯერ არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას, ბევრი ზარი შემოვიდა, ბევრი შემოთავაზებაა, თუმცა ჯერ კონკრეტულად არაფერია ცნობილი. ბარსელონაში დავბრუნდები და ვიმუშავებ ნებისმიერი ფორმით, რათა კლუბს დავეხმარო, რომ საუკეთესო გახდეს - განაცხადა ლიონელ მესიმ.
პრესკონფერენციის ბოლოს ლეო თანაგუნდელებს გამოემშვიდობა, რაც შეეხება მის ახალ კლუბს, ჯერჯერობით ყველა გავლენიანი გამოცემა წერს, რომ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა და 2+1 ვადით გააფორმებს კონტრაქტს, ხელფასი კი წელიწადში 40 მილიონი ევრო ექნება.