უეფამ „ევრო 2020“ ის ნახევარფინალში, სადაც ინგლისი და დანია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება ინგლისელი ფანების მიერ ლაზერის გამოყენებას, რომელიც გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის დროს, დანიელთა მეკარის, კასპერ შმეიხელის წინააღმდეგ გამოიყენეს.
უეფას სადისციპლინო კომიტეტი ასევე განიხილავს იმ უპატივცემულობას, რომელიც ადგილობრივმა გულშემატკივრებმა დანიის ჰიმნის დროს გამოიჩინეს, გამოძიება მიმდინარეობს სტადიონზე გამოყენებული პიროტექნიკის გამოც.
წესის დარღვევები აშკარაა, თუმცა როგორი იქნება სასჯელი ჯერ არ არის ცნობილი.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი 11 ივლისს, ისევ „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, სადაც ინგლისის მეტოქე, იტალიის ეროვნული ნაკრებია.