„ევრო 2020“-ს ფინალში ინგლისი და იტალია დაუპირისპირდებიან
ესპანეთი-იტალიის დაძაბული და საინტერესო ნახევარფინალის შემდეგ, რომელიც „სკუადრა აძურამ“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო, მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა და ეს გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრებია.
„უემბლიზე“ დანიის ნაკრებთან ჩატარებული ნახევარფინალური მატჩი რთული აღმოჩნდა, რომლის პირველ ტაიმშიც დანიელები უპირატესობასაც ფლობდნენ და ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმაც გაიტანეს, ახალგაზრდა შემტევმა დამსგორმა იდეალურად შეასრულა სტანდარტული, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, გოლიდან 9 წუთში, საკას გარღვევას და გამჭოლ გადაცემას, დანიის ნაკრების კაპიტანმა კიაერმა, ცუდად დაუხვედრა ფეხი და საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, რამაც ინგლისელები ამოასუნთქა და მეორე ტაიმში დამუხტულები გამოიყვანა. უპირატესობა უკვე მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა დანიამ გაუძლო და შეხვედრა პირველი ნახევარფინალის მსგავსად, დამატებით ტაიმებში გადავიდა. იქ კი ინგლისი უკვე ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და პირველ „ექსტრა ტაიმის“ ბოლო წუთებზე საეჭვო თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. საქმე იმაშია, რომ რაჰიმ სტერლინგის საჯარიმოში შეჭრისას, მოედანზე 2 ბურთი იყო და მსაჯმა შეხვედრა არ გააჩერა, შემდეგ სტერლინგი წაიქცა და კონტაქტიც არ ყოფილა აშკარა, თუმცა "VAR"-ზე გადამოწმების შემდეგ, მთავარმა არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. პენალტის ნიშნულთან გუნდის კაპიტანი, ჰარი კეინი მივიდა და კასპერ შმეიხელმა აუღო, თუმცა ბურთი წინ გადმოვარდა და ისევ კეინმა დაამატა, გაიტანა მიმდინარე „ევრო 2020“ ზე მე-4 გოლი და ინგლისი ფინალში გაიყვანა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ინგლისელთა მწვრთნელმა.
ვიცოდი, რომ წინა შეხვედრებივით ადვილი თამაში არ იქნებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გამოგვივიდოდა, დანიის ნაკრებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. ფინალში გასვლით ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ წინ კიდევ ერთი სერიოზული ბარიერია, გინდა ქვეყანამ დაგვიმახსოვროს, იტალია ძალიან კარგი გუნდია და ისინი საოცარ ფორმაში არიან, საინტერესო მატჩი გველის. დღევანდელმა თამაშმა დიდი ფიზიკური და მორალური ძალა წაგვართვა, თუმცა ჩვენ მზად ვიქნებით ფინალში, მარტივი მატჩი არც იტალიას ჰქონია, მაგრამ მათ დასვენებისთვის ერთით მეტი დღე აქვთ - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.
ფინალური მატჩი ისევ „უემბლიზე“ გაიმართება 11 ივლისს, 23:00 საათზე. ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალს და საკუთარი მოედნის უპირატესობაც ექნება.