ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
„ევრო 2020“ ზე ორი მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა და პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
ესპანეთი-შვეიცარიის დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე სწრაფი გოლიც ვიხილეთ. ჟორდი ალბას შორეული დარტყმა, ზაქარიამ ჩაჭრა საკუთარ კარში და ესპანეთი დაწინაურდა. ამის შემდეგ უღიმღამო ფეხბურთი დაიწყო, იგრძნობოდა რომ ორივე ნაკრებს 1/8 ფინალში 120 წუთი ჰქონდა ნათამაშები. შვეიცარიას შესატევი ჰქონდა და ერთ-ერთ მცდელობაზე საწადელსაც მიაღწიეს. 68-ე წუთზე ფრეულერმა, შაქირის გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიში გაათანაბრა. ლუის ენრიკემ გუნდს შეტევისკენ მოუწოდა, ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ საგოლე გადაცემის ავტორმა ფრეულერმა, 77-ე წუთზე იუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა. შვეიცარიას ჯამში 45 წუთზე მეტი ჰქონდა გასაძლები 10 კაცით და მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში დადგნენ. ესპანეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შვეიცარიამ გაძლო და შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა. პირველი ბურთთან ესპანელთა კაპიტანი, სერხიო ბუსკეტსი მივიდა და ბურთი ძელს მოარტყა. გავრანოვიჩმა კი გაუტანა უნაი სიმონს და შვეიცარია წინ გაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ შვეიცარიელებმა ზედიზედ 3 დარტყმა გააფუჭეს და ესპანელებმა მხოლოდ ერთი, შესაბამისად „ფურია როხა“ ნახევარფინალში გავიდა.
მეორე 1/4 ფინალში ორი ფავორიტის, იტალიის და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება შედგა, სადაც იტალიამ დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაშია და ძლიერ ნაკრებებთანაც ისეთივე ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. პირველივე ტაიმში, ბარელამ და ინსინიემ, ორი ლამაზი გოლი გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი დოკის წაქცევისთვის მსაჯმა იტალიის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. რომელუ ლუკაკუმ შუაში დაურტყა დონარუმას, 1 ბურთით შეამცირა სხვაობა და მეორე ტაიმს ინტრიგა დაუბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიას შესატევი ჰქონდა, მეორე ტაიმში გოლი ვეღარ ვიხილეთ, იტალიამ უპირატესობა არ დათმო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. „სკუადრა აძურას“ შთამბეჭდავი წაუგებელი სერია გრძელდება, ვნახოთ ესპანეთის ნაკრები თუ შეძლებს ამ სერიის შეწყვეტას. იტალია-ესპანეთის ნახევარფინალი, „უემბლის“ სტადიონზე 6 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.
დღეს კი დარჩენილი მეოთხედფინალები გაიმართება და მეორე ნახევარფინალურ წყვილს გავიგებთ. 20:00 საათზე, ჩეხეთი-დანიას, ხოლო 23:00 საათზე, უკრაინა-ინგლისის დაპირისპირებას ვიხილავთ.