ამ კვირაში ისრაელში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 21 ივნისს ქვეყანაში კორონავირუსი 125 ადამიანს დაუდასტურდ. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ჩეზი ლევის განცხადებით, 70% ახალი შემთხვევების დელტა, იგივე ინდური ვარიანტია, ხოლო ინფიცირებულთა მესამედი ვაქცინირებულია. ასევე აღსანიშნავია, რომ დაავადებულთაგან ნახევარი ბავშვები არიან.
ისრაელის მოსახლეობა ნიღბების ტარების ვალდებულებისგან გასულ კვირას გათავისუფლდა. ამჟამად ქვეყანაში 434 ინფიცირებულია, მათგან 258-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ისრაელში გარდაცვლილთა რაოდენობა 6 428-ა. 5.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 5.1 მილიონი სრულად ვაქცინირებულია.
,,სიტუაცია ისრაელში დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა შტამების გავრცელება თავიდან ავიცილოთ“ _ განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყანა დააწესებს დიდ ჯარიმებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აკრძალულ ქვეყნებში იმოგზაურებენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალმა რეგულაციებმა მომდევნო დღეებში შედეგი უნდა გამოიღოს.