„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი კოორდინირებული იყოს, თუმცა, ის ერთიან სიასა და კანდიდატურას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ.
„მე უკვე მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან. ვფიქრობ, მალე იქნება შესაძლებლობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ოპოზიციურმა სპექტრმა, როგორ ვხედავთ თვითმმართველობის არჩევნებს. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი კამპანია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩანაწერს შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მიიღოს 43%, თუ გვინდა, რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ამ კამპანიაში ერთიანები და კოორდინირებულები უნდა ვიყოთ, აქ ნიკა მელიას როლსაც ვხედავ. მას შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კამპანიის წარმოება, რომ პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43%. საქართველოს მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნებისმიერი არჩევანი გააკეთონ, ოღონდ არა „ქართული ოცნება“,-აცხადებს სამნიძე.
მე კოლეგებს მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას. ვიცი, მათთან პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის. ამისთვის აუცილებელია, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, იყოს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მთავარი ფოტო: ipress.ge