მინდა ყველას შევახსენო, რომ როდესაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა პირად მოწვევაზე უარი თქვა, ამის შემდეგ ეს ტვირთი იტვირთა ლევან იოსელიანმა, მისია ლომის წილი იმაში, რომ ეს დელეგაცია შედგა და იყო უკრაინაში. ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ,,TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის რომ ოპოზიცია უკრაინაში ,,ქართულ ოცნებას“ გაყვა, არასწორია.
,,სამწუხაროდ, წასვლის წინ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც გავლენა აქვს, სიტყვა ეთქმის, ძალიან დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდა, როგორიცაა, მაგალითად, თუ ვინ ვის მიყვება, ვინ ვინ წაიყვანა, როგორ შეიძლება ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად სადმე წასვლა და ა.შ. მინდა ყველას შევახსენო, რომ როდესაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა პირად მოწვევაზე უარი თქვა, ამის შემდეგ ეს ტვირთი იტვირთა ლევან იოსელიანმა, რომელიც იყო დელეგაციაში ჩვენთან ერთად. მისია ლომის წილი იმაში, რომ ეს დელეგაცია შედგა და იყო უკრაინაში. ასევე დიდია საქართველოს მოქალაქეების წილი, მათი ზეწოლა ხელისუფლებაზე, ასევე ჩვენი უკრაინელი პარტნიორები, პირადად უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ურთიერთობა აღმდგარიყო, მისი წილიც ძალიან დიდია. მაგრამ ლევან იოსელიანს იმიტომ ვახსენებ, რომ მან წამოიწყო პროცესი ოპოზიციასთან საუბრით, ჩვენ დავთანხმდით ძალიან სწრაფად და მან ასევე ამ წინადადებით მიმართა ,,ქართულ ოცნებას“. გამოდის, რომ ხელისუფლების წვლილი ამ ყველაფერში ყველაზე ნაკლები იყო, ამიტომ ვინც ამბობდა ფრაზას ,,მიყვებით ქართულ ოცნებას“ ეს არასწორია, რადგან ლოგიკურად თუ იმსჯელებენ და დააკვირდებიან პროცესს, ეს იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სადაც შევთანხმდით ყველა ერთად. ჩვენმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებოდნენ ჩვენგან არა ერთპარტიულ შეხვედრას, არა გაუგებრობების გარკვევას, არამედ საქართველოს პოზიციას“ _ განაცხადა ხათუნა სამნიძემ.