“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ნონა მამულაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს მთლიანი ოპოზიციის დღის წესრიგი.
სამნიძეს მიაჩნია, რომ ვინც ასე თვლის, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას.
„წარმატებას ვუსურვებ მათ ახალ სამდივნოსთან დაკავშირებით, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი და განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში. ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება. ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ, რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა“ - განაცხადა სამნიძემ.
მთავარი ფოტო: tabula.ge