იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილზე ვერ გავრცელდება, რადგან შემოთავაზებული კრიტერიუმები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იგი ოლიგარქთა სიაში მოხვდეს.
მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტის განხილვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებამ ნახოს, ვინ არიან ის პირები, ვინც ოლიგარქების რეესტრში მოხვდებიან.
,,უნდა მოხდეს შესაბამისი კრიტერიუმების განხილვა, შესაბამის პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განხილვა და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ის პირები, ვინც აკმაყოფილებენ ამ პირობებს და როგორ იქნებიან ეს ადამიანები ოლიგარქების რეესტრში შეყვანილი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება იქნენ ოლიგარქებად“ _ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.