პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მას ღრმად სწამს, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება აშშ-სთან სიღრმისეულ თანამშრომლობასთანაა დაკავშირებული.
მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერის მხრიდანაც ამ განწყობის დადასტურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
,,როცა სკითხი ეხებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ოთხეულს, ვერც ერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც გამომრჩენოდა ხაზგასმა, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეიძლება ოდნავ ვარიაციით და სხვა ფორმით მეთქვა, მაგრამ აზრი ყოველთვის იგივე იყო. ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია, ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან. სხვაგვარად წარმოუდგენელია საქართველოსთვის მაგალითად, უსაფრთხოების რისკებთან გამკლავება, შემდგომი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ გარემოების და განწყობის დადასტურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეთანხმები, რასაკვირველია, საქართველოსთვის აშშ-სთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ _ განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მან მოისმინა ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა და ამერიკასთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის. როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილი ამ ურთიერთობის გაფრთხილებაა.