ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსის ,,ომიკრონის“ შტამი მსუბუქია და მას პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ნაადრევია. როგორც იგი აღნიშნავს, ვირუსი ადამიანებს ჯერ კიდევ კლავს და მის დასუსტებას შეიძლება რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდეს.
,,ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ეს ინფექცია გამარტივდა და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში“ _ განაცხადა კულუმბეგოვმა.