,,ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რეკომენდაციებში კონკრეტული მოთხოვნა იმ ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია შეთანხმებული. როგორც იგი აღნიშნავს, ღნიშნული შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.
სამადაშვილი ,,ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროცესს სიმულაციის შექმნას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს.
,,ვითარება ისეთია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შესაძლოა კიდევ ერთხელ დაკარგოს. „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. პროცესი არაფრის მომცემია, ეს არის სიმულაციის შექმნა, თითქოს „ქართული ოცნება" ვალდებულებების შესრულებას აპირებს. ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს.
შარლ მიშელის შეთანხმება არის ევროკავშირთან ერთად შეთანხმებული გზა. აღნიშნული შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა. ამიტომ კონკრეტული მოთხოვნაა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეთანხმებულია შარლ მიშელის დოკუმენტით. არ გვჯერა, რომ „ქართული ოცნება" გადადგამს ნაბიჯებს, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას სჭირდება, რადგან ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ევროპული მომავლის საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს“ _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.