ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, კერძოდ, განათლების მინისტრის ბრძანებით, მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში სავალდებულო საგნად ჭადრაკი ჩაიწერა. ჭადრაკის სავალდებულო 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველ კლასში ჭადრაკი იმ შემთხვევაში იქნება სავალდებულო, თუ სკოლას ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.
"მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.
ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან.
I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი“ _ ნათქვამია ინფორმაციაში.