განათლების კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ბავშვებს, რომელთაც სასკოლო ასაკი, 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლაში შესვლას შეძლებენ. დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და მას დაჩქარებული წესით დააინიცირებენ.
,,მშობლები ბავშვების სასკოლო ასაკის გამო ხშირად მოგვმართავენ და გადავწყვიტეთ, ვიმსჯელოთ. დიდი ხანია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. ამიტომ, კომიტეტის სურვილია, დაინტერესდეს ამ საკითხით და დარგის ექსპერტებისგან, ფსიქოლოგებისა და სხვებისგან მოვისმინოთ, თუ რა არის პრობლემა, რა შეიძლება იყოს უკეთესი გამოსავალი, რომ შემდგომი რეაგირება მოვახდინოთ ამ საკითხზე. ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრის გაკეთებას და მოსმენას ვფიქრობთ” _ განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
დღეს მოქმედი კანონით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, მაგრამ პირველ კლასში რეგისტრაცია იმ პირს შეუძლია, რომელსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღის ჩათვლით უკვე შესრულებული აქვს.