ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს, ამიტომ მისი დაბრუნება სამართლიანი იქნება. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
,,სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს იმ შემთხვევაში, როცა არჩევნებში „გირჩი“ არ მონაწილეობს. მე და ჩემს ამომრჩეველს ის გვაერთიანებს, რომ პირველი არჩევანია „გირჩი“, ამის იქით ვინმეს ვინმეს შემოხაზვა მოვუწოდოთ, ჩვენი საქმე არაა. პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება ძალიან სამართლიანი იქნება, რადგან პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს. მისთვის მანდატის შეჩერება ბადრი ჯაფარიძის შანსებს ზრდის. მგონია, რომ ეს ისტორია ამ პროცესში თანდათან გამოიკვეთება“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
,,ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ შეუწყვიტა. ამის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გახდა. როგორც პარტიაში განაცხადეს, მანდატის შეწყვეტის შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.