პარტია ,,გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, აქციის ორგანიზატორების მიერ დაყენებული მოთხოვნები არარეალურია. როგორც იგი აღნიშნავს, ორგანიზატორებმა მოთხოვნები უნდა შეცვალონ და ვადამდელი არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები“ უნდა მოითხოვონ.
„ღმერთმა დაგვიფაროს, მათ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ, რადგან დაყენებული მოთხოვნები არარეალურია. აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, ეს მოთხოვნები შეცვალონ და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები და მანამდე მოითხოვონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა აზრი ჰქონდეს რიგგარეშე არჩევნებს. არ ვიცი, ეს მოთხოვნები სპეციალურად არის დაყენებული, რომ ადამიანებმა გული აიცრუონ, თუ ასეთი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოთხოვნების ასე დიდი ხნის განმავლობაში დატოვება არ შეიძლება. ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები. 30 წელია, ეროვნული მთავრობის თანხმობა არ გვაქვს და თურმე, არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა და გვისახელებენ ხან ერთ გვარს, ხან მეორეს და ამ ფონზე ადამიანები ვერ ერკვევიან, ეს ხალხი რას შვება და რა მოთხოვნებია ეს. „ქართული ოცნება“ იმაზე წამოვა, რასაც ქართველი ხალხი აიძულებს, უბრალოდ, ქართველი ხალხი არ წამოვა იმაზე, რასაც აქციის ორგანიზატორები სთავაზობენ, შესაბამისად, მთავრობაზე ვერანაირი წნეხი ვერ იქნება. „ენჯეოშნიკები“ რომ მოიყვანონ მთავრობაში, მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად? – ეს ამ მოთხოვნებში არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან ეს მოთხოვნები არ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.