თუ უკრაინელებს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ ამ ხალხს არავისთან სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს. ამის შესახებ ,,გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,თუ უკრაინა ახლა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა? თუ ევროპაში ისევ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს. მგონია, რომ ამ ხალხს არავისთან სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს. თუ ეს ევროკავშირში არ ესმით, ე.ი. იმ ღირებულებისთვის უღალატიათ, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა ეცადოს, ქართველი და უკრაინელი ხალხის ბედი ერთად იყოს ევროკავშირში იქნება თუ ევროკავშირის მიღმა. ,,ქვეყანა ამ თავისუფლებისმოყვარე გმირ ხალხთან ერთად უნდა მოძრაობდეს“ _ თქვა მან.
ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ხედავს. მისივე თქმით, სტატუსის მომლოდინე ქვეყნების განაცხადები ახლა ევროპარლამენტში არ იქნებოდა, უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო. კალიურანდმა ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა დაივიწყონ პოლარიზაცია, მათი პარტიული ინტერესები და ყურადღება მიაქციონ რეფორმებს, რომელიც ახლა ხორციელდება, იყვნენ ერთიანები. მისი თქმით, პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობის გარეშე ის ვერ ხედავს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უახლოეს მომავალში დადგება.