„ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის და საზოგადოების ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული. ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვერავის დაარწმუნებენ იმაში, რომ ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი ,,ქართული ოცნების“ წევრები აღარ არიან.
,,ხალხი როგორ უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღარ არიან „ქართული ოცნების“ წევრები, როცა თავად ამბობენ, უმრავლესობის აზრზე ვართო. ეს თემა შემოგდებულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს, ეს მედიის და საზოგადოების ყურადღების გადასატანადაა მოფიქრებული და ეს არის რამდენიმედღიანი მოხმარების თემა. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში შეუძლებელია. ამ ქვეყანაში რეალურ დეპოლარიზაციაზე არავის არ უფიქრია მიუხედავად იმისა, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა რა დაწერეს. დეპოლარიზაციის ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება და რაც დაჯდება, ის იქნება ამის აღმოფხვრის საშუალება. ის, რომ უცებ გამოსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, არ იქნება“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.