მეორე მსოფლიო ომის დროს (1945 წელს) იაპონელი ბიჭი საკრემაციო კოცონთან იდგა და მისი პატარა გარდაცვლილი ძმის კრემაციისთვის მის რიგს ელოდა.
როგორც მოგვიანებით ფოტოს ავტორმა ჯოუ ო’დონელმა ინტერვიუში გაიხსენა, ტირილისგან თავის შესაკავებლად ბიჭი ტუჩებს ისე ძლიერად იკვნეტდა, რომ მისი პირიდან სისხლი ჟონავდა. ,,მასთან ერთი მცველი მივიდა და უთხრა: ,,მოიხსენი ტვირთი მხრებიდან და მომეცი“, რაზეც ბიჭმა უპასუხა: ,,ის მძიმე არ არის, ის ჩემი ძმაა“ _ გაიხსენა ფოტოგრაფმა.
ჯოუ ო’დონელი ამერიკის სამხედრო სამსახურმა იმისთვის გააგზავნა, რომ ომის მიერ მიყენებული ზარალი ფოტოებზე აღებეჭდა. იგი 7 თვის მანძილზე დასავლეთ იაპონიაში მოგზაურობდა და დაბომბილი, დაჭრილი, დაობლებული, მკვდარი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების შესახებ ქრონიკებს აგროვებდა.
ფოტოზე პატარა ბიჭი დგას, რომელმაც თავისი მოვალეობა შეასრულა და მისი პატარა გარდაცვლილი ძმის სხეული საკრემაციო კოცონთან მიიყვანა. ფოტოზე ბიჭის სამწყობრო დგომიც სამხედრო ზეგავლენაზე მეტყველებს. გულისამაჩუყებელია ის, თუ როგორ იკავებს ბიჭი ცრემლებს და ამით ცდილობს მამაცი გამოჩნდეს.
წლების შემდეგ ჯოუ ო’დონელმა ამ ფოტოს შესახებ ინტერვიუში ისაუბრა:
,,დავინახე, როგორ მოვიდა დაახლოებით 10 წლის ბიჭი, რომელსაც ზურგზე პატარა ბავშვი ჰყავდა. მაშინ იაპონიაში ხშირად ნახავდით, ბავშვები თამაშისას პატარა დებსა და ძმებს ზურგით როგორ დაატარებდნენ, მაგრამ ეს ბიჭი სხვანაირი იყო, მას ფეხზე არ ეცვა, მძიმე გამომეტყველება ჰქონდა, პატარას თავი უკან ჰქონდა გადავარდნილი, თითქოს მოულოდნელად ჩასძინებოდა. 5-10 წუთის ლოდინის შემდეგ მასთან მივიდა მამაკაცი, რომელმაც იმ თოკის გახსნა დაიწყო, რომლითაც ბავშვის სხეული იყო დაბმული. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ პატარა გარდაცვლილი იყო. მამაკაცმა სხეული ცეცხლში მოათავსა, ბიჭი იდგა გაუნძრევლად, წელში გამართული უყურებდა ცეცხლის ალს და ტუჩებს ძლიერად იკვნეტდა. ცეცხლი დაიფერფლა, ბიჭი შეტრიალდა და მშვიდად წავიდა" _ იხსენებს ჯოუ ო’დონელი.
იაპონიაში ეს ფოტო დღემდე სიძლიერის სიმბოლოდ ითვლება.

წყარო: rarehistoricalphotos.com
bengaldaily.com