ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ გენერალურ პროკურორს კონსენსუსით აირჩევენ, ამით მისი და მართლმსაჯულების სისტემის სანდოობა გაიზრდება.
„ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია, ის მხარეებს არ უბიძგებს მოლაპარაკებისკენ. ეს უმრავლესობაში უფრო და უფრო მეტი ძალაუფლების მოხვეჭის სურვილს იწვევს, ხოლო ოპოზიციაში ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური პროცესებისგან უფრო და უფრო დისტანცირების განცდას და ასევე, ამ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას. ის, რომ ვერასდროს ვერ ვთანხმდებით, ფაქტობრივად, არ დასტურდება. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური მხარეები საკმარის ძალისხმევას წევენ, ეს შედეგები მიიღწევა. მე ვერ დავინახე საკმარისი ძალისხმევა ასეთი მოლაპარაკებები რომ წარმართულიყო, როცა ცესკოს-ს თავმჯდომარეს ირჩევდა პარლამენტი, დროც არ იყო საკმარისი. გასაგები იყო, რომ შეთანხმება ვერ მიიღწეოდა იმიტომ, რომ არავინ ეცადა. დავუბრუნდები საკითხს - ჩემი აზრით, გენპროკურორის ერთი წლით არჩევა არის წამახალისებელი მხარეებისთვის. ერთი წლით არჩევა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პირი ერთი წლის შემდეგ ხელახლა უნდა ავირჩიოთ. თუ მმართველი გუნდი არჩევნებში დამარცხდა, მან იცის რომ ერთი წლის შემდეგ გამარჯვებულ პარტიას ექნება შესაძლებლობა დანიშნოს პროკურორი. ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ დანიშნოს ნეიტრალური და არა მისთვის სასარგებლო კანდიდატი“ - განაცხადა მენაბდემ.
მთავარი ფოტო: bm.ge