,,ნაცმოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორის არჩევის ცუდი წესის დაკანონებას ემხრობიან - როცა სჭირდებათ, ძალიან კარგად ახერხებენ საერთო ენის გამონახვას“ _ ლევან იოსელიანი
ეს კანონი აუარესებს დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში, იძლევა საშუალებას ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს. იოსელიანი მიიჩნევს, რომ ასეთი წესით არჩეული პროკურორი მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება.
,,ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს და მხარს არაფერს უჭერს, უცებ აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებების მიმართ აქვს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი და მხოლოდ ამ ცვლილებებს უჭერს მხარს. მხოლოდ ეს ორი პარტრია, ,,ნაციონალური მოძრაობა" და ,,ქართული ოცნება“ არიან მომხრე, რომ დააკანონონ ცუდი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც გულისხმობს ერთი წლით პროკურორის არჩევას. ეს აწყობს მხოლოდ ამ ორ პარტიას, სხვა არავინ ამას მხარს არ უჭერს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითრებს, რომ როდესაც მათ სჭირდებათ, ძალიან კარგად ახერხებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას.
ეს კანონი იძლევა საშუალებას ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ამ ერთ წელს მმართველ პარტიასთან ლოალობის ძებნას მოანდომებს, რომ შემდგომში კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს ვადა. ვისაც უნდა, რომ ასეთი უკუსვლა განვიცადოთ პროკურორის არჩევის წესთან მიმართებაში, კი ბატონო, მიაჭიროს ამ ღილაკს, მაგრამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მე მექნება საშუალება, ძალიან დიდ უხერხულობას შევუქმნი ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული მმართველი გუნდის მსახური და არა დემოკრატიული წესით არჩეული ადამიანი, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე აქვს საშუალება, თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს პროკურატურაში. ერთი წელი იმისთვისაც კი არ არის საკმარისი პროკუტრატურაში, რომ გაერკვე რა ხდება, არათუ იქ პოლიტიკის გატარებაზე გქონდეს პრეტენზია. ერთი წელი ეს არის დრო, როდესაც ადამიანი უბრალოდ ფიქრობს, როგორი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს უწყებაში, რომ მისი მმართველობა იყოს ეფექტური. როგორ შეიძლება ერთი წლის თავზე ამ ადამიანს მოსთხოვოთ, რატომ არ იყო დამოუკიდებელი. მისი მთავარი მოტივაცია ხომ ის იქნება, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს ვადა. და ვადას გაიხანგრძლივებს, თუ ,,ქართულ ოცნებასთან“ საერთო ენას გამონახავს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ წესით მას ორჯერ ვერ აირჩევენ, პარლამენტი გენპროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ერთი წლის ვადით აირჩევს.